weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია – სახალხო დამცველი

18:10 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობას, რის შედეგადაც ორი მოსწავლე გარდაიცვალა, სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი და შესაბამისად, ბავშვი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წევრად რჩება.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი მაღალია, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

„სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რადგან მათ უმთავრეს მოვალეობას ბავშვის პიროვნული განვითარება და განათლება წარმოადგენს, არამხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ ზოგადად, ბავშვის მიმართ ოჯახში თუ სხვა ფორმის ძალადობის გამოვლენის, მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ

ბულინგი არასრულწლოვანთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ძალადობის ამ ფორმის პრევენციის ერთიანი ხედვა.

ამასთან დაბალია ბავშვთან მომუშავე პროფესიონალთა ცნობიერება ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ.

მნიშვნელოვანია ოჯახისა და საზოგადოების როლი ბავშვისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების დაძლევისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. აუცილებელია ბავშვთან საუბარი, მისი პრობლემების, მიღწევებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, გაზიარება და თანამონაწილეობა. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმების დამკვიდრება, საზოგადოება კი ხშირად თვალს ხუჭავს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მომხდარი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიება და თვითმხილველთა და მოწმეთა თანამშრომლობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი მიდგომები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის აღნიშნულ პროცესს. აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორი მიმართულება მიეცეს მომხდარი შემთხვევის განხილვას; გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით.

დაბოლოს, მედიასაშუალებებს განუზომელი როლი აკისრიათ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლის საქმეში. სწორედ ამიტომ, ასეთი შემთხვევები ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მიდგომებისა და არსებული მდგომარეობის მიღმა, ზოგადი კონტექსტის მიმოხილვით უნდა გაშუქდეს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი დისკურსის შექმნას“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი მოზარდია დაკავებული, მეორის დასაკავებლად კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკავებულ და მიმალვაში მყოფ ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის სამი ადამიანია დაკავებული.

შსს-ს ცნობით, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე 150 პირი დაიკითხა, თუმცა უმეტესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]